მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია
17 დეკემბერი, 2019
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც.
მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საკმაოდ პროდუქტიულად შეაფასა.
„შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, რომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურად გადანაწილებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ესწრებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ერთიან, გაზიარებულ ფორმატში საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ