საქართველოში სპეცრეისით 40 000 PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა
29 აპრილი, 2020
დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორის: 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები.
იგივე რეისით ჩამოფრინდა, დამატებით ანტისხეულების 20,000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ჩინეთში.
ტვირთს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.
გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი: ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
PCR ტესტები და ექსტრაქციის ნაკრები შეძენილი იქნა ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიებისგან.
ჩარტერული რეისი, შეღავათიან ფასად განახორციელა ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-მ.
ბოლო სიახლეები
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი, ფოთსა და სენაკში, კლინიკების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება
მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილა
ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ