ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ღამის უნებლიე ჩასველება - ენურეზი. როდის მივართოთ ექიმს?

ღამის უნებლიე ჩასველება - ენურეზი. როდის მივართოთ ექიმს?

17 ივლისი, 2018

ეს არის შარდის უნებური, უკონტროლო გამოყოფა, რაც ადრეულ ასაკში ნორმაა

ღამის უნებლიე ჩასველება - ენურეზი . როდის მივართოთ ექიმს?

ენურეზი ბერძნული სიტყვაა და წყლის წარმოქმნას ნიშნავს. ეს არის შარდის უნებური, უკონტროლო გამოყოფა, რაც ადრეულ ასაკში ნორმაა შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმების მოუმწიფებლობის გამო. 

დაახლოებით 2,5 წლისათვის ბავშვების უმრავლესობა სწავლობს დღისით მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მართვას (შარდვა და განავლის გამოყოფა), ხოლო 4 წლისათვის- ამ ფუნქციების ღამით კონტროლსაც, თუმცა ეს პროცესი ხანდახან ხანგრძლივდება 6–7 წლამდე, რაც მშობელთა განგაშის მიზეზი ხდება. 
გასათვალისწინებელია გენეტიკური დატვირთვაც - თუ მშობლებს ადრეულ ასაკში თავად ჰქონდათ ენურეზი, მათ შვილებში ამ მდგომარეობის გამოვლინების რისკი უფრო მაღალია. 

ასაკის მატებასთან ერთად ეს გამოვლინებანი მკვეთრად კლებულობს , 7 წლის ასაკისათვის ღამის ენურეზი ბავშვთა მხოლოდ 6–9 % –ს აღენიშნება, ხოლო 10 წლისათვის 3–5 %-ს და მხოლოდ 1 %–ში რჩება 15–18 წლისათვის . 

ენურეზი შესაძლოა იყოს დღის და ღამის. არჩევენ პირველად და მეორად ენურეზს. პირველადი ღამის ენურეზის დროს პატარას არ შეუძლია მოშარადვის კონტროლი თავიდანვე, მეორადი ენურეზის დროს კი ბავშვი, რომელსაც არ ჰქონია ღამის ჩასველება ან ჰქონდა და ბოლო 6 თვის მანძილზე არ განმეორებია ჩასველების ეპიზოდი, მოულოდნელად იწყებს ღამით უნებლიე ჩასველებას, რაც უპირატესდ უკავშირდება ფსიქოემოციურ სტრესს.
ენურეზის მქონე ბავშვს ღამით სძინავს ღრმად და ვერ იღვიძებს სავსე შარდის ბუშტის დროსაც, ან სახეზეა ღამით დიდი ოდენობის შარდის გამოყოფა (ნორმაში ღამით შარდის ოდენობა მცირდება) ან ე.წ. შარდის ბუშტის მცირე ტევადობა, მისი შემკუშავი კუნთის- დეტრუზორის ჰიპერაქტივობა, როცა შარდის ბუშტი იკუმშება მცირე ავსების დროსაც. 

ანალოგიური გვხვდება დღისითაც, გარკვეულ ასაკში, მშობლები ჩივიან, რომ ბავშვი ხშირად შერბის ტუალეტში, ხან ყოველ 15–30 წთ–ში ერთხელ, თითქოს ბოლომდე ვერ ცლის შარდის ბუშტს. 

ამგვარი ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი ხშირად გვხვდება სტრესულ (თუ რა თქმა უნდა, საშარდე გზების ანთებითი დაავადებები გამორიცხება), მომატებული შფოთვის დროს, ძირითადად მას აქვს კეთილთვისებინი და ასაკდამოკიდებული ბუნება, საჭიროებს დღის რეჟიმის და ტუალეტის ჩვევების მოწესრიგებას, ფსიქოლოგიური მხარდაჭერას მშობლებისაგან . 
ენურეზის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვა თანმდევ მოვლენებსაც, რადგანს იგი მულტიფაქტორული დაავადებაა. 
ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც საკუთრივ საშარდე გზების ანომალიებითა და ინფექციებით, ასევე სხვადასხვა ორგანოთა სისტემის დაავადებებით. 
ყურადღება უნდა მივაქციოთ დღისით და ღამით სითხეების მიღებულ ოდენობას, მიღებული და გამოყოფილი სითხეების ბალანსს, ძილის რეჟიმს, სხვა თანმდევ ძილის დარღვევებს (მაგ. ძილში კბილების კრაჭუნი, ლაპარაკი, კოშმარები და სხვა) , ასევე ხომ არ სდევს ენურეზს თან სასქესო ორგანოების რაიმე ტიპის ანომალია (მაგ, გოგონებში სასქესო ბაგეების შეხორცება), ყაბზობა, ძილში პირღიიაობა, ხვრინვა, ენდოკრინული პათოლოგია (შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტი), გულის რიტმის მოშლა, ხერხემლის ანომალიები.
ზოგჯერ მშობლებს არასწორად ჰგონიათ, რომ ბავშვი განგებ ისველებს და ამის გამო სჯიან მას, რაც არასწორია. 
ზოგჯერ ენურეზს თან სდევს ენკოპრეზიც. ენკოპრეზი უნებლიე დეფეკაციაა, რომელიც უხშირესად ფსქიოლოგიური ტრავმითაა გამოწვეული. ზოგჯერ მას წინ უსწრებს შეკრულობა, უფრო იშიათად ის შეიძლება გამოწვეული იქნეს ნაწლავთა ორგანული დაავადებებით. ბავშვები, რომელთაც ენკოპრეზი აქვთ, ხშირად არიან უყურადღეოები, ეზარებათ ტუალეტში შესვლა, იკავებენ დეფეკაციას, რის გამოც სწორი ნაწლავი არის მუდმივად გაწელილი და ბავშვი ვეღარ აღიქვამს დეფეკაციის სურვილს, შედეგედ ვითარდება ენკოპრეზი.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს ენურეზის დროს:

1. როცა ბავშვმა ისწავლა სისუსფთავის ჩვევები და მოულოდნელად 6 თვის შემდგომ კვლავ განახლდა სიმპტომები 
2. სახეზეა თავის ან ხერხემლის ტრავმა, თანდაყოლილი რაიმე პათოლოგია ხერხემლის არეში, 
3. სიარულის, ბალანსის, ან სხვა განვითარებითი დარღვევები 
4. ენურეზი შერწყმულია ენკოპრეზთან ან რაიმე დაავადებასთან
5. თუ თქვენი პატარა უკვე 7 წლისაა და ღამის უნებლიე ჩაშარდვა კვლავაც გრძელდება.

 

რითი დავიწყოთ?
მიაკითხეთ პედიატრს ან ოჯახის ექიმს, რათა გამოირიცხოს საშარდე გზების ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, გულის რიტმის დარღვევები, ღამით ცხვირით სუნთქვის გაძნელების მიზეზები. 
აღნიშნული დაავადებების გამორიცხვის შემდეგ აუცილებელია ბავშვთა ნევროლოგთან ვიზიტი.

როგორ უნდა მოვიქცეთ ენურეზის დროს?
პირველ რიგში, არ დასაჯოთ პატარა. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ის უნდა წაახალისოთ.
შეეცადეთ, არ მისცეთ ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხე
გააღვიძეთ ბავშვი ღამით ერთსადაიმავე დროს მოშარდვისათვის
მკურნალობის ეფექტური გზაა ე.წ სასიგნალო სისტემა, რომელიც ბავშვის საღამურსა და საცვალზე მაგრდება და შარდის ბუშტის შეკუმშვას აღიქვამს. სიგნალის შემდეგ პატარას ეღვიძება და უნებლიე ჩაშარდვა აღარ ხდება. დროთა განმავლობაში ის ეჩვევა ღამით მოშარდვისთვის გაღვიძებას.
ზოგჯერ საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობა, რაც ექიმი ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

 

ლალი ვაშაკიძე, "ავერსის კლინიკის" ბავშვთა ნევროლოგი