შესაძლებელია თუ არა რომ სურდოს მიზეზი ალერგია იყოს? ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე
02 ოქტომბერი, 2023
7 კითხვა ალერგოლოგს
შესაძლებელია თუ არა რომ სურდოს მიზეზი ალერგია იყოს?
7 კითხვა ალერგოლოგს
1. რამდენად შესაძლებელია ხშირი სურდოს ან ცხვირის გაჭედვის მიზეზი ალერგია იყოს?
დიახ, შესაძლებელია, მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს:
- ცხვირის ქავილი
- ხშირი გამეორებადი ცემინება
- სიმპტომები უპირატესია ღამე დაწოლისას ან დილას გამთენიისას
- ცხვირის გაჭედვის დროს ნესტოების მონაცვლეობა (ხან მარჯვენა იჭედება, ხან მარცხენა)
- სიმპტომებს ტემპერატურა თან არ ახლავს
- გრძელდება 7 დღეზე მეტი
2. რა შეიძლება იყოს ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზი?
- ოთახის მტვრის ტკიპები
- მცენარეული მტვერი
- ჰაერში არსებული სოკოს სპორები
- შინაური ცხოველების ბეწვი
- ფრინველის ბუმბული და ა.შ
3. როგორ გავარჩიოთ ალერგიული სურდო გაციებისგან?
ა) სიმპტომებით:
- ალერგიის დროს: ცხვირიდან უფერო, თხელი, წყლისებური გამონადენია, ხშირია ცხვირის ქავილი, ჩივილებს ტემპერატურა არ ახლავს
- გაციების დროს: ცხვირიდან მოყვითალო ფერის შესქელებული გამონადენია, შესაძლებელია ახლდეს ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების ტკივილი
ბ) დასაწყისით:
- ალერგიის დროს: ცემინება, სურდო იწყება ალერგენთან (ოთახის მტვერი, მცენარეული მტვერი, ცხოველების ეპითელიუმი ა.შ) კონტაქტისთანავე
- გაციების დროს: ვირუსთან კონტაქტიდან 1-3 დღის შემდეგ
გ) ხანგრძლივობით:
- ალერგიის დროს: სიმპტომები გრძელდება მუდმივად დამნაშავე ალერგენების ზემოქმედების გამო
- გაციების დროს: საშუალოდ 3-7 დღე
4. თუ შესაძლებელია ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზის დადგენა?
დიახ, შესაძლებელია კანის სინჯების საშუალებით:
- კანის სინჯების ჩატარების დროს ოთახის მტვრის ტკიპების, მცენარის მტვრის, სოკოს სპორების, შინაური ცხოველის, ბუმბულის ალერგენის უშუალო ზემოქმედება პაციენტის კანზე ხდება
- შედეგები ცნობილია სინჯის ჩატარებიდან 15 წთ-ის შემდეგ
- რეკომენდებულია სინჯის ჩატარებამდე 3-7 დღე პაციენტს ალერგიის საწინააღმდეგო წამალი არ ჰქონდეს მიღებული
5. რამდენად შესაძლებელია ალერგიული სურდოს გამომწვევი მიზეზის სისხლში დადგენა?
- დიახ, შესაძლებელია. ანალიზის გაკეთება დასაშვებია ალერგიის წამლებით მკურნალობის პროცესშიც.
6. რატომ უნდა მივაკითხოთ დროულად ალერგიული სურდოს შემთხვევაში ალერგოლოგს?
- დროულად ამოვიცნოთ ალერგიის გამომწვევი მიზეზი
- დროულად დაინიშნოს სწორი მკურნალობის კურსი, დაავადების უფრო რთულ ფორმაში გადასვლამდე
- თავიდან ავიცილოთ არასწორი მკურნალობა და არასწორედ მიღებული მედიკამენტები (ფარმაცევტის ან ახლობლის რჩევით და ა.შ)
- სადაც აუცილებელია ალერგოლოგთან შეთანხმებით დავგეგმოთ ალერგიული ვაქციანცია
7. რას გულისხმობს ალერგიული ვაქცინაცია?
- ალერგიული ვაქცინაციის მიზანია ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის (მაგ. ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარეული მტვერი) მზარდი დოზით ორგანიზმში შეყვანა და ამ გზით მათ მიმართ ტოლერანტობის (შეგუების) გამომუშავება
- ინიშნება როდესაც ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის ელიმინაცია ვერ ხერხდება, ასევე როდესაც სიმპტომები პროგრესირებს და მედიკამენტური მკურნალობა არ არის ბოლომდე ეფექტური
- ალერგიული ვაქცინაცია აღიარებულია და წარმატებით გამოიყენება თითქმის მთელს მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია და გაიდლაინი
სტატიის ავტორი
ნინო ლომიძე
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება