დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა
10 სექტემბერი, 2025
უფასო სკრინინგის აქცია რუსთავსა და ბოლნისში
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა. ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს და გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებას და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
აქცია რუსთავისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა.
ბოლო სიახლეები
ჭინჭრის ციება მრავალფეროვან საკვებსა და სასმელზე
რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, საჭიროების შესაბამისად, ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაფინანსდება
რა არის ალკორესტი და როდის გამოიყენება?
რა არის ლიმფოსტაზი, რატომ ვითარდება და როგორ ვმართოთ
რა არის ტამიფლუ და რა დროს გამოიყენება